ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) უნაყოფობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა (Assisted Reproductive Technologies), რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმას ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, ქალის ორგანიზმის გარეთ.

ინ ვიტრო განაყოფიერების ეტაპები

  1. საკვერცხეების მედიკამენტური კონტროლირებადი სტიმულაცია;
  2. კვერცხუჯრედების ასპირაცია, სპერმის მასალის შეგროვება და დამუშავება;
  3. განაყოფიერება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში (ICSI; IVF) და ემბრიონების კულტივაცია;
  4. საშვილოსნოს ღრუს / ენდომეტრიუმის მომზადება და ემბრიონის (1 ან 2) გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
ლელა ირემაძე — კლინიკური დირექტორი, ინ ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

ეტაპი I – საკვერცხეების სტიმულაცია

სტიმულაციის მიზანია საკვერცხეებში მრავლობითი ფოლიკულის მომწიფება, რათა მივიღოთ უფრო მეტი კვერცხუჯრედი, ვიდრე ეს ბუნებრივ ციკლში ხდება (ბუნებრივ ციკლში, როგორც წესი, მწიფდება 1 ან 2 ფოლიკული). რაც მეტია კვერცხუჯრედი, მით მეტია ხარისხიანი კვერცხუჯრედების შერჩევის შესაძლებლობა — ქალის ასაკის მიუხედავად, მიღებული კვერცხუჯრედების ნაწილი ხშირად არ არის ხარისხიანი.

ეტაპი II – კვერცხუჯრედების ასპირაცია

ექოსკოპიური და ჰორმონული ანალიზების მიხედვით ინიშნება სტიმულაციის ფინალური ინექცია (trigger) და იგეგმება კვერცხუჯრედების ამოღების ზუსტი დრო.

პროცედურა ტარდება მსუბუქი ვენური ანესთეზიის ფონზე, ექოსკოპიური კონტროლით (იშვიათად, 1–2 მომწიფებული ფოლიკულის შემთხვევაში — ანესთეზიის გარეშეც). ფოლიკულური სითხე, რომელიც კვერცხუჯრედს შეიცავს, სპეციალური წვრილი ნემსით გროვდება და გადაეცემა ემბრიოლოგს. ასპირაცია გრძელდება 5–15 წუთი, ფოლიკულების რაოდენობის მიხედვით. პროცედურიდან 1–2 საათში პაციენტი ტოვებს კლინიკას შესაბამისი დანიშნულებით და რეკომენდაციებით.

ეტაპი III – განაყოფიერება და კულტივაცია

ასპირაციიდან დაახლოებით 2 საათში ემბრიოლოგი გვაწვდის ინფორმაციას კვერცხუჯრედების ხარისხის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია შემდგომი პროცესისა და ორსულობის პროგნოზისთვის. ამ დროისთვის პარტნიორის სპერმა უნდა იყოს გამოკვლეული და შეგროვებული. სპერმა შეიძლება გამოყენებულ იქნას გაყინვის გარეშეც — პარტნიორი მას ასპირაციის დღეს, სპერმის შეგროვების სპეციალურ ოთახში აბარებს.

განაყოფიერებიდან დაახლოებით 18 საათში ემბრიოლოგი აფასებს ფერტილიზაციის სიხშირეს. ემბრიონები ლაბორატორიაში 5, ზოგჯერ 6, იშვიათად 7 დღე რჩება. მე-5 დღეს ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება.

ეტაპი IV – ემბრიონის გადატანა

საუკეთესო ემბრიონი საშვილოსნოს ღრუში წვრილი კათეტერით, ექო-მონიტორინგის ქვეშ, განაყოფიერებიდან მე-5 დღეს გადაიტანება. პროცედურა უმტკივნეულოა და წოლით რეჟიმს არ საჭიროებს — ემბრიოტრანსფერის შემდეგ პაციენტი ტოვებს კლინიკას და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. ბლასტოცისტის ტრანსფერიდან 10–11 დღეში სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით დგინდება ბიოქიმიური ორსულობა.

რა არის ჰეჩინგი (Hatching)

ჰეჩინგი გულისხმობს ემბრიონის გარსის (zona pellucida) გარღვევას ლაზერით ემბრიოტრანსფერამდე, რაც ხელს უწყობს ემბრიონის გამოთავისუფლებას გარსიდან და მის იმპლანტაციას საშვილოსნოს ღრუში. ტარდება ემბრიონის განვითარების მე-5 დღეს. პროცედურა ყველა პაციენტს არ სჭირდება — ის გამოიყენება ძირითადად 38 წელს გადაცილებულ და წარუმატებელი ემბრიოტრანსფერების მქონე პაციენტებთან. კვლევების მიხედვით, ამ ჯგუფში ჰეჩინგი ზრდის იმპლანტაციის სიხშირეს.

ემბრიონების გაყინვა და შენახვა

დარჩენილი ემბრიონები შეგიძლიათ გაყინოთ და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლით. საქართველოში ემბრიონების შენახვის ვადა ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის (ზოგ ქვეყანაში ეს ვადა განსაზღვრულია). გაყინული ემბრიონები ორსულობის მიღების დამატებითი შანსია.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია პროცედურაა, რომლის დროსაც, ოვულაციის პერიოდში, საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ პარტნიორის ან დონორის დამუშავებული სპერმა. ეს ამარტივებს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას. პროცედურა ბუნებრივ განაყოფიერებასთან ახლოს დგას და, ჩვენების მიხედვით, ტარდება როგორც ბუნებრივ, ისე მედიკამენტებით სტიმულირებულ ციკლში.

ჩვენებები:

  • ვაგინიზმი;
  • გაურკვეველი გენეზის (იდიოპათიური) უნაყოფობა;
  • გენიტალური ენდომეტრიოზი;
  • ოვულაციის დარღვევა;
  • ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ფაქტორი;
  • სპერმოგრამის მსუბუქი დარღვევები და სხვ.

დონორის სპერმის გამოყენება საჭიროა, როდესაც მეუღლეს აქვს აზოოსპერმია ან გენეტიკური დაავადება, ან როდესაც ქალს პარტნიორი არ ჰყავს. ინსემინაციით ორსულობის მიღების შანსი საშუალოდ 16–18%-ია.

უნაყოფობის მიზეზები

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცში, ქალში ან ორივეში; ზოგ შემთხვევაში მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

  • ქალის ფაქტორი: ასაკი (35 წლიდან რეპროდუქციული პოტენციალი მცირდება), ადრეული მენოპაუზა, ენდომეტრიოზი, ფალოპის მილების დაზიანება ან გაუვალობა, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის ანომალიები, მიომები, ოვულაციის დარღვევა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ქრონიკული დაავადებები (მაგ. დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები).
  • მამაკაცის ფაქტორი: სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დარღვევა, სათესლე ჯირკვლების და სასქესო გზების პათოლოგიები, ეაკულაციისა და ერექციის პრობლემები, ჭარბი სიმსუქნე.
  • შერეული ან აუხსნელი მიზეზები — როდესაც ფაქტორი ორივე პარტნიორშია, ან მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

კვლევები ინ ვიტრო განაყოფიერებამდე

ინ ვიტრო განაყოფიერების დაწყებამდე აუცილებელია წყვილის წინასწარი, სრულყოფილი გამოკვლევა: ქალისა და მამაკაცის ჰორმონული, ბაქტერიული, ვირუსული, ექოსკოპიური, გენეტიკური და სხვა კვლევები, საჭიროებისამებრ.

საკვერცხის რეზერვის შეფასება

  • ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) — კვერცხუჯრედების მარაგის ყველაზე სანდო მარკერი. შეიძლება ჩატარდეს ციკლის ნებისმიერ დღეს და დროს, უზმოდ ყოფნა საჭირო არ არის. AMH ასაკთან ერთად მცირდება, რადგან მცირდება ფოლიკულების მარაგი — ეს გენეტიკურად განსაზღვრული, შეუქცევადი პროცესია, რომლის შეჩერებაც მედიკამენტებით შეუძლებელია. 35 წლის შემდეგ მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხიც.
  • ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) — ვენური სისხლი იღება ციკლის მე-2–მე-3 დღეს, დილით, უზმოდ (წყლის მიღება დასაშვებია).
  • მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) — FSH-თან ერთად არეგულირებს ფოლიკულების განვითარებასა და ოვულაციას.
  • ტრანსვაგინალური ულტრაბგერა — ციკლის მე-2–მე-3 დღეს ისაზღვრება ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა, მე-8–მე-10 დღეს ფასდება ენდომეტრიუმის სტრუქტურა.

ასაკი და დაორსულების შანსი

ასაკი ერთ ბუნებრივ ციკლში
35 წლამდე ~25%
35 წელი ~15%
37 წელი ~10%
40 წლის შემდეგ 3–5%
ასაკი ინ ვიტრო ციკლში
35 წლამდე საშუალოდ 45–50%
35–38 წელი 30–35%
40–42 წელი 8–10%
42 წლის შემდეგ 3–5%

ადრეულ ასაკშიც (30–35 წლამდე) შესაძლებელია ფოლიკულური მარაგის შემცირება (გენეტიკური, აუტოიმუნური, იდიოპათიური მიზეზებით, საკვერცხეებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ და სხვ.). ამიტომ რეკომენდებულია, ორსულობის დამგეგმავმა ყველა ქალმა დროულად მიმართოს რეპროდუქტოლოგს, გამოიკვლიოს საკვერცხის მარაგი და შედეგის მიხედვით დაგეგმოს ორსულობა.

მამაკაცის კვლევა

მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის შეფასების პირველი რიგის კვლევა სპერმოგრამაა — ისაზღვრება სპერმატოზოიდების რაოდენობა, მოძრაობა, მორფოლოგია და სიცოცხლისუნარიანობა. სპერმოგრამა და სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის კვლევა ტარდება სქესობრივი თავშეკავების მე-3–მე-5 დღეს; ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს. ნორმოსპერმიისას დამატებითი კვლევები, როგორც წესი, საჭირო არ არის.

დარღვევის სიმძიმის მიხედვით რეპროდუქტოლოგი გეგმავს დამატებით კვლევებს: ჰორმონულ ანალიზებს, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპიას, კარიოტიპირებას, Y ქრომოსომის მიკროდელეციის კვლევას და სხვ.

სპერმოგრამის შესაძლო დარღვევები:

  • ოლიგოსპერმია — სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია (ნორმა ≥ 15 მლნ/მლ);
  • ასთენოსპერმია — მოძრაობა ნორმაზე დაბალია;
  • ტერატოსპერმია — ნორმალური ფორმები ნორმაზე ნაკლებია (4%);
  • აზოოსპერმია — ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არის;
  • ასპერმია — ეაკულატი არ არის.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად განისაზღვრება რეპროდუქტოლოგის კონსულტაციისა და კვლევების საფუძველზე.